მეღვინე - მევენახე

ჩემ ოჯახსა და გარემოცვას მჭიდრო კავშირი ჰქონდა მეღვინეობასთან. პაპა, არჩილ უთიაშვილი, მრავალი წლის მანძილზე წინანდლის ღვინის საწარმოთა გაერთიანებისა და იყალთოს ღვინის ქარხნის დირექტორი იყო. ბებიას ბიძა, ვასილ ნაცვლიშვილი, მევენახეობის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი და ცნობილი მევენახე გახლდათ. ჩვენს ოჯახთან მეგობრობდა და ხშირად სტუმრობდა ბებიას დეიდის მეუღლე, ანდრო
ლაშხი — პროფესორი, მეცნიერი ღვინის ტექნოლოგიისა და ბიოქიმიის დარგში, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი.

ჩემი წინაპრების ასეთმა სიახლოვემ ვაზისა და ღვინის კულტურასთან, ჩემშიც განსაზღვრა ინტერესი ამ სფეროს მიმართ. ბავშვობიდან ვქმნიდი ღვინოს, რომელიც გარშემო მყოფთა მოწონებას იმსახურებდა. ეს გახდა სტიმული, რომ ამ საქმეს უფრო სერიოზულად მივდგომოდი.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მივიღე განათლება სამადუღრო წარმოების ტექნოლოგის სპეციალობით. მჯერა, რომ ხარისხიანი ღვინის შექმნის საფუძველი ვენახის მოვლის სწორი მიდგომაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც მეღვინე თავად განსაზღვრავს ვენახის მოვლის სტრატეგიას და მოსავლის აღების დროის ოპტიმალურ პერიოდს.

2010 წელს სოფელ კურდღელაურში შევიძინე ვენახი, ხოლო 2011 წელს დავაფუძნე მეღვინეობა „თელავის ძველი მარანი“. ჩემი მიზანი იყო და კვლავ რჩება ისეთი ქართული ღვინის შექმნა, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც აღიარებული იქნება.

პირველი შემფასებლები ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები იყვნენ. ღვინის მაღაზიებში გაყიდვის შემდეგ, ის უფრო პოპულარული გახდა. მომხმარებლები ხშირად მადლობას მიხდიან ასეთი საუცხოო ღვინის შექმნისთვის. ყოფილა შემთხვევა, როცა საქართველოს საზღვრებს გარედანაც შეუტყობინებიათ, რომ ჩემმა ღვინომ უცხოელი ღვინის მოყვარულები და ექსპერტები აღაფრთოვანა.

ყოველ ასეთ ჯერზე მეამაყება, რომ „ქართულმა“ კიდევ ერთხელ გაითქვა სახელი საქართველოს საზღვრებს გარეთ. ეს ჩემთვის აღუწერელი სიხარული, უდიდესი ჯილდო და ახალი ძალის მომცემია.

ჩვენი ვენახი

საქართველოს ვენახების 65-70% კახეთში მდებარეობს. აქ საუკეთესო ხარისხის ღვინოების მომცემი ვენახები გაშენებულია მდინარეების — ალაზნის და ივრის აუზებში, ზღვის დონიდან 400-700 მეტრ სიმაღლეზე.

ჩვენი ვენახი მდებარეობს ალაზნის მარჯვენა სანაპიროზე, ცივ-გომბორის მთის კალთაზე, ზღვის დონიდან 510 მეტრზე, წინანდლის მიკროზონაში, სოფელ კურდღელაურში. აქაური ჰავა გარდამავალია სუბტროპიკულიდან კონტინენტურისკენ. ცივ-გომბორის მთიდან მონაბერი გრილი სიო იწვევს დღე-ღამური ტემპერატურების ცვალებადობის ფართო დიაპაზონს, რაც იდეალურ მიკროკლიმატს ქმნის ყურძნის საუკეთესოდ მომწიფებისთვის. ნიადაგი თიხნარია და მდიდარია მინერალებით, რაც აქ მოყვანილ ყურძნისგან შექმნილ ღვინოს უნიკალურ და განსაკუთრებულ ხასიათს ანიჭებს.

ამ ეტაპზე ჩვენი ვენახის ფართობი 2,24 ჰექტარს შეადგენს, აქედან 2010 წელს შეძენილ ბებერ ვენახს უკავია: 0,74 ჰექტარი რქაწითელს და 0,1 ჰექტარი საფერავს, ხოლო ჩემ მიერ გაშენებულს — 0,6 ჰექტარი საფერავს და 0,8 ჰექტარი ქისს.

მნიშვნელოვანია ის, რომ ბებერი ვაზის ფესვები ძლიან ღრმად არის ნიადაგის სიღრმეში. მათი საშუალებით მცენარეს უფრო მრავალფეროვანი მინერალები მიეწოდება, რაც ღვინოში საინტერესო არომატებს და საგემოვნო მახასიათებლებს განსაზღვრავს. ამასთან, ბებერი ვაზი ნაკლებად მსხმოიარეა, რაც განაპირობებს მისგან შექმნილი ღვინის მაღალ ხარისხსა და განსაკუთრებულ გემოს.

2014 წლიდან ვენახის მოვლისთვის ვიყენებ მხოლოდ ბიოლოგიურ და ეკოლოგიურად სუფთა საშუალებებს, ასევე ჩვენს მიერ მომზადებულ მცენარეულ ნაყენებს. ღვინის ხარისხის უზრუნველსაყოფად განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ ვენახის მოვლის აგროტექნოლოგიურ სამუშაოებს და ყურძნის ხარისხის კონტროლს. უხვი მოსავლის შემთხვევაში ვატარებთ „მწვანე რთველის“ ოპერაციას — ზოგიერთი მტევნის მოცილებას მოსავლის შემცირების მიზნით, რაც ხელს უწყობს დარჩენილი მტევნების ხარისხის ზრდას და საბოლოოდ აისახება ღვინის უმაღლეს ხარისხზე.

ჩვენი მეღვინეობა

მუდმივი ძიება და სიახლისკენ სწრაფვა არის ჩემი მეღვინეობის განვითარების და წინსვლის განუყოფელი ნაწილი მისი დაარსებიდან დღემდე.

ძველი კახური ღვინის შექმნის ტექნოლოგიის (ალკოჰოლურ დუღილში ჭაჭის და კლერტის მონაწილეობა), თანამედროვე მიდგომების (ღვინის დავარგება მუხის კასრებში) და ჩემ მიერ შემუშავებული ღვინის დამზადების ტექნოლოგიის (ვენახის მდებარეობისა და ყურძნის ჯიშის თავისებურების გათვალისწინება) გაერთიანებით, ვაწარმოებ მაღალხარისხიან პროდუქციას.

ამჟამად წლიური წარმოების მოცულობა დაახლოებით 8000 ბოთლს შეადგენს. ყურძნის მოყვანიდან ღვინის მომხმარებლამდე მიწოდებამდე, თითოეული ბოთლი ღვინო ხელით იქმნება, რაც მაძლევს ხარისხის მაქსიმალური კონტროლის საშუალებას.

ვენახიდან ახლად მოკრეფილი ყურძენი დაუყოვნებლივ გადადის მეღვინეობის მიმღებ განყოფილებაში, სადაც ხარისხდება, იცვლება და გამოიწურება კლერტი. ზამთარში ღვინის ქვის გამოლექვა და

სტაბილიზაცია ბუნებრივი სიცივით ხდება. ამის შემდეგ, ღვინო გადადის ფრანგული მუხის კასრებში, სადაც იგი დავარგებას გადის წელიწადნახევრიდან ორ წლამდე. დაკვირვება და ლაბორატორიული კონტროლი მაძლევს საშუალებას ღვინის ჯანმრთელი მდგომარეობა შევინარჩუნო. ღვინო იხუფება უმაღლესი ხარისხის ნატურალური კორპის საცობით, რის შემდეგაც იგი აგრძელებს დავარგებას ბოთლში. ბოთლში ჩამოსხმიდან წელიწადი-წელიწადნახევრის შემდეგ, როდესაც ღვინო მიაღწევს სასურველ დავარგებას, მომხმარებელს ვთავაზობთ.

ჩვენი ღვინო, რომელიც ასეთი გულმხურვალე მიდგომითა და მოწადინებით მზადდება, წლების განმავლობაში აღიარებულია სომელიეების და ღვინის მოყვარულების მიერ. მიღებული აქვს არაერთი ჯილდო სხვადასხვა კონკურსში.

დღეისათვის არჩილის ღვინო, რომლის თითოეული ბოთლი მოგვითხრობს გამძლეობის, ავთენტურობისა და საქართველოს სილამაზის ისტორიას, მიირთმევა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის: პოლონეთში, გერმანიაში, იაპონიაში, შვედეთში, დანიაში, ინგლისში, საფრანგეთში, უკრაინაში და ისრაელში.

თელავის ძველი მარნის ჯილდოები

━━ 2011 წლიდან ━━

წლების განმავლობაში ჩვენი ღვინოები აღიარებული იყო სომელიეების და ღვინის მოყვარულთა მიერ, მიღებული აქვს ჯილდოები სხვადასხვა კონკურსებში:

2023

Georgia International Wine Award 2023

,,არჩილის ღვინო - რქაწითელი 2018” - ვერცხლის მედალი

2022

Saperavi International 2022

,,არჩილის ღვინო - საფერავი 2018’’ - ბრინჯაოს მედალი

2022

Galicia Vitis 2022

,,არჩილის ღვინო - საფერავი 2017’’ - ოქროს მედალი

2022

IWSC 2022

,,არჩილის ღვინო - რქაწითელი 2018” - ვერცხლის მედალი 91 ქულით

2020

Galicia Vitis 2020

,,არჩილის ღვინო - რქაწითელი 2015” - დიდი ოქროს მედალი ნომინაციაში საუკეთესო მშრალი თეთრი ღვინის კატეგორია | ოქროს მედალი ნომინაციაში საუკეთესო ნატურალური ღვინის კატეგორია

2016

Decanter 2020

,,არჩილის ღვინო - საფერავი 2016’’ - 17 საუკეთესო ქართულ ღვინოს შორის მოხვდა და მოიპოვა ოქროს მედალი 92 ქულით

2016

Saperavi International 2018

,,არჩილის ღვინო - საფერავი 2016’’, ვერცხლის მედალი

2012

Georgia International Wine Award 2018

რქაწითელი 2012 - ბრინჯაოს მედალი